17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
დოკუმენტში ასახული ყველა წინადადება ჩვენგან არის წარდგენილი, არც ერთი ოპოზიციისგან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყველა წინადადება, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, მმართველი გუნდისგან მოდის.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას პასუხისმგებლობა მხოლოდ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აქვს აღებული და ისიც ბუნდოვანია. 

"ყველა წინადადება, რომელიც დღეს ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა და ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა მათი მხრიდან.

ჩვენი მოტივაციაა, რომ მაქსიმუმი გახდეს შეთანხმების მისაღწევად, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. ამის გამომხატველი არის ისიც, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ მოლაპარაკების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

დღის ამბები