17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
შეხვედრები ბრიუსელში - რით ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელთან

საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ჩასვლიდან რამდენიმე საათში პირველივე ოფიციალური შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის გაიმართა.

ამ აუდიენციასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი იყო მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, განახლდა დიალოგის პროცესი მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. უკვე მეოთხე დღეა შარლ მიშელის წარმომადგენელი აქტიურ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. რა შედეგების მომტანი იქნება ევროპის უმაღლესი ჩართულობით მიმდინარე პროცესი თბილისში? ბრიუსელში მხარეებისგან კონკრეტულ შედეგებს ელიან. ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგომას, კომპრომისებზე წასვლას და შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რომ საგარეო ვექტორზეც აისახება, მარტივი ჭეშმარიტებაა ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლისთვის. ქართული დელეგაცია ბრიუსელში, საქართველო ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მართალია სხდომას დამოუკიდებელი დღის წესრიგი აქვს, თუმცა ქართველი დიპლომატის აზრით, თბილისში პროცესების დასტაბილურება ბრიუსელში დელეგაციის ვიზიტს დადებით ფონს შეუქმნის.

მთავრობის მეთაური, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელსაც შეხვდება. 17 მარტს კი, ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში უმასპინძლებენ. დაგეგმილია პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებების გაკეთება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შანსი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გასაფართოვებლად - ასე ხედავს ამ შესაძლებლობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. ევროკომისია, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი და ნატო, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიური დღის წესრიგით გაიმართება. 16 მარტს ჩანიშნულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 საბჭოს სხდომა, სადაც პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების საკითხებიც განიხილება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე შედიან. ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გაემგზავრა.

დღის ამბები