სანამ ბრიუსელსა და თბილისში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს, ვაშინგტონი პროცესებს აკვირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აცხადებენ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი პროცესების პარლამენტში გადატანაა.
ამასთან, ვაშინგტონის გავლენიან წრეებში არის პოზიცია, რომ პოლიტიკოსთა დავაში დიდი როლის შესრულება შეუძლია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
საქართველოს ყველა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულება ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანია.
ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თბილისში მიმდინარე შეხვედრებს, რომლებიც ევროპელი პარტნიორების შუამავლობით იმართებოდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიესალმებიან ბრიუსელის აქტიურობას საქართველოში პოლიტიკური ვითარების მოსაგვარებლად.
ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ქრეიმერი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ჯერ სრულად არ დაუნიშნავს კადრები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებლები, ამიტომ, მისასალმებელია ევროპელი დიპლომატების აქტიურობა.
"ვფიქრობ, ეს სამხრეთ კავკასიის მიმართ ფართო ინტერესს გამოხატავს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო შემოდგომაზე ბრძოლების განახლების შემდეგ. ამ დღეებშიც ძალიან დაძაბული სიტუაციაა სომხეთში, სადაც ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ და არის წუხილი რეგიონში ბრძოლის შესაძლო განახლებაზე. საქართველოს იცნობდნენ და უყურებდნენ, როგორც დემოკრატიის ერთგვარ კუნძულს, ავტორიტარიზმის ზღვაში. ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში წუხან, რომ საქართველო ამ ავტორიტარულ გარემოცვაში არ ჩაიძიროს. ეს აწუხებს შეერთებულ შტატებსაც. პრობლემა, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს, არის ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ ძალიან ცოტა ხალხი ჰყავს დანიშნული სახელმწიფო დეპარტამენტში მნიშვნელოვან პოზიციებზე, რომლებიც საქართველოზე არიან პასუხისმგებლები. ჯორჯ კენტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, თუმცა ის ასევე ბელარუსით, უკრაინით, სომხეთით და აზერბაიჯანით არის დაკავებული. ჩვენ უფრო მეტი ხალხი გვჭირდება სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც სიტუაციას მეტ ყურადღებას მიაქცევს. მე მივესალმები ევროპელი მეგობრების და კოლეგების ძალისხმევას, რომლებიც ცდილობენ გამოსავალი მონახონ," - განაცხადა ქრეიმერმა.
გარდა ამისა, დევიდ ქრეიმერის შეფასებით, "ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. ამასთან, ქრეიმერი ამბობს, რომ უმჯობესია, ოპოზიცია ცვლილებებს პარლამენტიდან ითხოვდეს, ვიდრე გარედან ყვიროდეს.
"მიშელის თბილისში ვიზიტის შემდეგ პროგრესი ვერ ვნახეთ. მე უდავოდ მხარს ვუჭერ მის და ევროპელების ძალისხმევას კომპრომისის და გამოსავლის მოსანახად, თუმცა ვფიქრობ, რამე კომპრომისი შეუძლებელი იქნება, ვიდრე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია ციხეშია. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი მის გასათავისუფლებლად.
ვფიქრობ, შეცდომა იყო პარლამენტის ბოიკოტირება, თუმცა ისიც მესმის, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, უკეთესია, ეცადო მონაწილეობდე პროცესში და იქიდან ცდილობდე ცვლილებებს, ვიდრე გარედან იყვირო, თუმცა, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ დღეს. გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც ცოტა ოპოზიციონერია შესული.
ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის თქმა, უნდა იყოს თუ არა ახალი არჩევნები. ეს კომპრომისის მისაღწევად გამართული მოლაპარაკებების ნაწილია," - განაცხადა დევიდ ქრეიმერმა.
საქართველოს საკითხზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში. უილიამ კორტნი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, რომ შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი, რომელიც არცერთ პარტიასთან არ იქნება დაკავშირებული და თავის მხრივ დაეხმარება მხარეებს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავალი იპოვონ.
ამასთან, აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმით, კრიზისის განსამუხტად ნიკა მელიას გათავისუფლება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, ასევე ოპოზიციამ უნდა მოისურვოს ადგილების დაკავება პარლამენტში.
"სიტუაცია იმდენად შორს წავიდა, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან დასცილდნენ ერთმანეთს, რათა კომპრომისს მიაღწიონ. გვჯერა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა თავიანთი დიდი როლი უნდა შეასრულონ. საქართველოში არიან პოლიტიკურ პარტიებთან არაასოცირებული მაღალი რეპუტაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ კონსენსუსის მისაღწევად პოზიციების დაახლოებაში. სამოქალაქო საზოგადოება უნდა მიეხმაროს პოლიტიკურ პარტიებს, ითანამშრომლონ და მოძებნონ გზები კონსენსუსის მისაღწევად და პრობლემის მოსაგვარებლად. ნათელია, რომ მელიას გათავისუფლება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ოპოზიციამ კი უნდა მოისურვოს მისი ადგილების დაკავება პარლამენტში. ეს უმთავრესი საწყისი ნაბიჯებია და მათ გარეშე მოგვარება რთული იქნება," - აღნიშნა უილიამ კორტნმა.