"ქართული ოცნების" ლიდერებისა და კრისტიან დანიელსონის თითქმის ორსაათიანი შეხვედრა დასრულდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესში წინსვლაა.
მისი შეფასებით, შეიქმნა უფრო მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის.
"ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესი წინ მიდის და ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის. ტექსტიც უკვე თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე განსხვავების," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.