17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საქართველო დღეს ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირეა, ახლა ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა, როგორც არასოდეს - დავით ზალკალიანი

ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღე - მთავარი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაა. შეხვედრის მონაწილეები რეგიონში არსებული რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებაც. ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ხვალ კი მაღალი დონის შეხვედრები უკვე ევროპარლამენტსა და ნატოში გადაინაცვლებს. ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ორჯერ შეხვდა შარლ მიშელს. აუდიენცია შედგა ბელგიელ პრემიერთანაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა.

"პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ შუალედში მე ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა, ამიტომ მე შევწყვიტე ეს შეხვედრა დროებით და შემდეგ ისევ გავაგრძელეთ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ახლა სჭირდება.

"ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე, ამ მხრივ საქართველოს ნამდვილად აქვს წინსვლა. საქართველო არის დღეს ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირე ახლა ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა, როგორც არასოდეს,"-აღნიშნავს დავით ზალკალიანი. 

დღის ამბები