საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელ ფონტელის თქმით, ევროკაშირი მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის დიალოგს.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს საერთო ენა და ამიტომ აუცილებელია დათმობაზე წასვლა.
"აუცილებელი გახლავთ გარკვეული გამოსავლების ძებნა, როცა საუბარია პოლიტიკურ პლურალიზმზე. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იპოვოს საერთო ენა, რათა ეს ყველაფერი მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესებს უპირველ ყოვლისა და სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახლავთ დათმობებზე წასვლა.
ევროკაშირი მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის დიალოგს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი ტიპის დიალოგს, რომელიც მოემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას. შარლ მიშელის ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურა. ამ ეტაპზე, კრისტიან დანიელსონი განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას, რათა გაეწიოს მედიაცია ამ დიალოგს და პრობლემა იყოს გადაჭრილი. ჯერჯერობით, შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან დიალოგის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ პროცესები კონსტრუქციულად უნდა წარმიმართოს. იგივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები და ამ შეთავაზებებზე ვისაუბრებთ მომდევნო დღეებში და რასაკვირველია, ეს საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, რომ საერთო შეთანხმებას მიაღწიონ," - განაცხადა ჯოზეფ ბორელ ფონტელმა.