პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მხრიდან გონივრული და კომპრომისული შეთავაზებები იქნება, მაშინ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
როგორც თალაკვაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში.
"მე ამ დიალოგის განახლებისთანავე ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღესაც იმედი მაქვს, რომ თუ პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისები გაკეთდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელისა და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. ხაზს გავუსვამ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რაც მოვისმინეთ. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც სამართლიანს. მან ასევე გააკეთა დიპლომატიური, მაგრამ მკაფიო გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით, თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.