17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ბრიუსელი თბილისი და ევროკავშირის გაფრთხილება - ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ

მეორე დღეა ბრიუსელსა და თბილისს შორის ინტენსიური კონტაქტი არ წყდება. ეს არის ორი ეპიცენტრი, სადაც ქართული პოლიტიკის და შესაბამისად ქვეყნის მომავლის ბედი უნდა გაირკვეს.

"ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი" - ევროკავშირის გაფრთხილებით ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ.

თბილისში მყოფი შვედი დიპლომატი ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პირველად და საერთო ჯამში უკვე მესამედ შეხვდა შარლ მიშელს. მანამდე იყო ჟოზეფ ბორელი.

მინიშნება, რომ თემა ბრიუსელში წყდება დღეს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებიდანაც გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში მაგიდაზე კონკრეტულ შეთავაზებას დადებს.

"ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი," - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ჟურნალისტის კითხვას - არის, თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად გამოსავალი ვადამდელი არჩევნები. ჟოზეფ ბორელი საქართველოში პროცესების კონსტრუქციული წარმართვისთვის ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვისა და დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ხელისუფლება ვადამდელი არჩვენების ჩატარებას რომ არ გეგმავს, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ თქვა პრემიერ-მინისტრმა. იქვე გასცა პასუხი კითხვას -  პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე. პრემიერ-მინისტრმა, მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებს, საქართველოს ამბიციური განაცხადის შესახებაც შეახსენა და პირობა დადო, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველო, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეუფერხებლად შეასრულებს.

დღის ამბები