გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ეთმობა. დოკუმენტში დადებითი შეფასება აქვს მაიკლ პენსის ვიზიტს, ნატოში გაწევრიანების გზაზე მის მხარდაჭერას; ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთვის ჯაველების მიცემას, თუმცა დახასიათებულია პომპეოს ვიზიტი, როგორც სარგებელზე უფრო მეტად ზიანის მომტანი, როდესაც ის თბილისში შეხვდა მთავრობას, პატრიარქს და არ შეხვდა ოპოზიციას.
ანგარიშში წერია, რომ იმ აღქმის მიუხედავად, თითქოს ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირდა, აშშ თბილისისთვის გავლენის უძლიერეს დასავლურ წყაროდ და მხარდამჭერად რჩება და კონგრესშიც ორპარტიული თანადგომაა. ქართველები აფასებენ ევროპელ პარტნიორებს, თუმცა, ამერიკას რუსული აგრესიის პირობებში დამცველად ხედავენ. ანგარიშში არის რეკომენდაციები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ.
"ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესის წევრებმა ქართველების პრო-ამერიკული შეხედულებები მოცემულობად არ უნდა მიიღონ. ქვეყანაში აშშ-ს უზარმაზარი გავლენის გათვალისწინებით, ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობა და მტკიცედ მოუწოდოს საქართველოს, დარჩეს დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ გზაზე, რეგიონში გავრცელებული მმართველობის მოდელის ალტერნატივის შესაქმნელად.
რეკომენდაციები მოიცავს საქართველოს წახალისებას, იყოს დემოკრატიულ, დასავლური ორიენტაციის გზაზე. ღია კარის შენარჩუნებას საქართველოსთვის, ნატოსა და ევროკავშირთან მისაერთებლად. საქართველოს დახმარებას ძალაუფლების უკეთ გადანაწილებაში ძლიერი ინსტიტუტებით, როგორებიც არიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარებას. დახმარებას თავდაცვაში და რუსული საფრთხეების შეკავებას,"- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ მეტ ყურდღება უნდა გამოიჩინოს.
"როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდი მთლიანად შედგება, საქართველოს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. შუალედურ პერიოდში კი კონგრესის წევრებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი მოსმენების გამართვით ან საქართველოში ვიზიტებით. მესმის, რომ ეს რთულია პანდემიის დროს, თუმცა, აშშ-მ ნაბიჯი უნდა გადადგას და მეტი ყურადღება გამოხატოს. საუკეთესო გზა კი საქართველოსთვის ამერიკის ყურადღების მისაქცევად დემოკრატიული და ეკონომიკური ყურადღებაა,"- აცხადებს კრამერი.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში სახელწოდებით: "ქვეყანა მიჯნაზე" - საქართველოს დახმარების საქმე, გერმანიის მარშალის ფონდმა გამოაქვეყნა. მისი ავტორები არიან გერმანიის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი და აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.