"გირჩის" წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციას შეხვედრისას განუცხადა, რომ ის ბრძოლა, რაშიც ისინი იმყოფებიან, რუსეთის ინტერესებშია.
მისივე თქმით, დანიელსონს არ უგულისხმია, რომ რომელიმე მხარე რუსეთს წარმოადგენს, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არის რუსეთის ინტერესებში.
"გეტყვით თავად დანიელსონის განცხადებას, მან პირდაპირ დაიწყო ასე - თქვენ რასაც აკეთებთ, არის რუსული მხარის ინტერესები, ანუ, რომელიმე მხარე კი არ ხართ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ეს ბრძოლა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, თქვენი ეს საქციელი, არის რუსეთის ინტერესებში.
ეს არ არის დასამალი, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე რეგიონში და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოსულია არა რუსეთიდან, არამედ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.