ხარვეზები საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ ცვლილებას მთლიანობაში მიესალმება სამოქალაქო სექტორი, თუმცა რამდენიმე ასპექტის გამოსწორებას აუცილებლად მიიჩნევს.
ეს ძირითადად ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" ამტკიცებენ, რომ საჭიროა ეს მიმართულება დაიხვეწოს, რათა უფრო მეტად დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნების ადმინისტრირება. მათივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში საჭიროა სოციალური ქსელების შესაბამისი მონიტორინგი და მოსაგვარებელია საჩივრების საკითხიც.
"მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რომელიც პრობლემური იყო და ახლაც რჩება ეს პრობლემა. პარტიების მიერ დასანიშნი წევრები შეიძლება ვერ შეივსოს ეს კვოტა, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ არის შესული პარლამენტში და ეს ერთ-ერთ წინაპირობად არის ჩამოყალიბებული ამ კანონპროექტში, რომ მანდატს უნდა იყენებდეს. მეორე მხრივ, პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების სელექციის პროცესი კვლავ პრობლემური იქნება ჩვენი აზრით, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად არაფერი არ იცვლება,"- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი.