17 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი მოამზადა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოს რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი მომზადდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დოკუმენტის მიზანი სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების/რეფორმის შესახებ საზოგადოებისთვის სისტემური ხედვის შეთავაზებაა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დოკუმენტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარად დაგეგმვაში დაეხმარება, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ინსტიტუციური თუ ფუნქციური პრობლემები, რომლებიც აფერხებს მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად განხორციელებას .

კონცეფციის დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება - სათათბირო დემოკრატიის გაძლიერებითა და კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურების იმპლემენტაციის გზით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა - არასამთავრობო სექტორის მოსაზრებით უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ერთდროული მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდეს. კანონმდებლობაში უნდა დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრსა და მოსამართლეობის კანდიდატს შორის ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხთან დაკავშირებით. შერჩევის პროცესში (როგორც საბჭოში, ისე პარლამენტში) საჯაროობა და გამჭვირვალობა საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი;

მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა - უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლის კაბინეტი, რაც გულისხმობს მოსამართლის მიერ საკუთარი თანაშემწეებისა და სხდომის მდივნის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის უფლებამოსილებას;  უნდა დადგინდეს მოსამართლეთა წახალისებისა და დაწინაურების განჭვრეტადი და არადისკრიმინაციული სისტემა.

სასამართლოს ჩაკეტილობა, ახალი ნაკადის შედინება და მოსამართლეთა დანიშვნა - მნიშვნელოვანია გადაიხედოს უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი სკოლის ფორმირების მექანიზმი, ისე, რომ მაქსიმალურად შესუსტდეს საბჭოს ძალაუფლება ახალი ადამიანების მოსამართლეთა პროფესიაში შესვლის კონტროლზე.  ამასთან მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია დაწესდეს ცხადი და არადისკრიმინაციული მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გაართულებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

სისტემის გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის შრომის ანაზღაურება; -  საქმეთა ნაკადის გათვალისწინებით, საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობა უნდა განსაზღვროს.  სასამართლოს აპარატის თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შრომის სამართლიანი პირობებით. აგრეთვე, სასამართლო აპარატში თანამშრომლების მიღება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს. უნდა დაიხვეწოს საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა და უკეთ უნდა დარეგულირდეს ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის საკითხი.

სასამართლოს თავმჯდომარეები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე განწესება შიდაინსტიტუციური დემოკრატიის განხორციელების გზით უნდა მოხდეს.  ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლოს მენეჯერის უფლებამოსილებები. სასამართლოს მენეჯერს მთლიანად უნდა გადაეცეს სასამართლოს შიდაორგანიზაციული და ფუნქციური ადმინისტრირების ბერკეტები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - უნდა გაიზარდოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებამოსილება, რაც გულისხმობს პირის უფლებას, უზრუნველყოფილ იქნეს ნაფიც-მსაჯულთა მონაწილეობა იმ ტიპის სამართალწარმოებაში, რომლის ფარგლებშიც მას პასუხისმგებლობის სახით, შესაძლოა, დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა; აშშ-ის სასამართლოების მოდელის გაზიარება. ისეთი საქმეები, რომლებსაც არ აქვთ ფართო სოციალური გავლენა, შესაძლოა, არანაკლებ 6-მა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილოს; ნაფიცმა მსაჯულებმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება “preponderance of the evidence,” or “more true than not“ სტანდარტის საფუძველზე უნდა მიიღონ.

დოკუმენტს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები : საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

 

დღის ამბები