17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
პროცესში პირადად შარლ მიშელის ჩართვა აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ქართველი ხალხი და ზოგადად ქვეყანა მნიშვნელოვანია - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო.

მისი თქმით, ვინაიდან პროცესში პირადად ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ქართველი ხალხი და ზოგადად ქვეყანა მნიშვნელოვანია.

ქვეყანა რომ წინ წავიდეს, ამის პირველ ნაბიჯად მაკალისტერი ოპოზიციასა და მთავრობას შორის საუბარს ასახელებს. 

"საქართველოს პრემიერმინისტრთან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა.

ყველა თვალს ვადევნებთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაზეც შეშფოთებულები ვართ, რადგან არ გვსურს პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. გვჯერა, რომ დრო მოვიდა მთვარობა და ოპოზიცია ერთად დასხდნენ და განიხილონ საქართველოს მომავალი. ამ პროცესში პირადად ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ეს კი აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირისთვის ქართველი ხალხი და ზოგადად ქვეყანა მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ბატონი მიშელი თავად არის ჩართული ოპოზიციასა და მთავრობას შორის მედიაციის პროცესში. მან გამოგზავნა უმაღლესი წარმომადგენელი ბატონი დანიელოსონი, რომელიც ყველაზე გამოცდილი დიპლომატია, ვისაც ევროკომისიაში შევხვედრივარ.

ბატონი დანიელსონიც და ბატონი ჰარცელიც ორივე გამოცდილი შვედი დიპლომატია, რომლებიც ცდილობენ მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდაზე ერთად დასმას.

მე მთელი გულით მივესალმები, რომ ეს პირველი შეხვედრა შედგება თბილისში, რადგან ევროკავშირი არ არის პოლიტიკური მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ არ გვსურს თქვენს შიდა პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენ ვუსმენთ მთვარობას და ვუსმენთ ოპოზიციას. ჩვენ გვინდა საქართველო წინ წავიდეს, ამის პირველი ნაბიჯი კი ოპოზიციასა და მთავრობას შორის საუბარია.

დიალოგი არსებობს და დემოკრატიაში საბოლოოდ მნიშვნელოვანია კომპრომისის პოვნა.

დემოკრატიაში სავსებით ბუნებრივია განსხვავებული მოსაზრებების არსებობა. მე პრემიერს ნათლად ვუთხარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და მთავრობის საუბარი. ვნახოთ რა იქნება პირველი შეხვედრიდან.

ეს ყველაფერი ერთ შეხვედრაში არ გადაწყდება, თუმცა იქნება დიალოგის დასაწყისი. ვფიქრობ თქვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომცემია, რომ გააძლიეროთ კანონის უზენაესობა, მხარი დაუჭიროთ დამოუკიდებელ სასამართლოს. პრემიერმა მითხრა რომ ის ამისთვის მზად არის.

ჩემი მთავარი მესიჯი იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. თქვენ არ ხართ უბრალოდ მესამე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვართ ამ მოვლენებით შეშფოთებულები. ახლა ყველამ პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ახლა ყველამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინ წაწევა. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა იპოვის ევროატლანტიკურ ალიანსში თავის ადგილს.

შარლ მიშელის 6 პუნქტიან შეთანხმებას მხარს ვუჭერ. დოკუმენტში იდენტიფიცირებულია გადამწყვეტი მნიშვნელობის 6 პუნქტი თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. საბოლოოდ პოლიტიკაში  მთავარი არის კომპრომისის მიღწევისთვის მდგრადობის შენარჩუნება. მე ოპოზიციაშიც ვყოფილვარ და მთავრობაშიც, არაფერი მიკვირს. ოპოზიციის ვალია მთავრობა აკონტროლოს. დემოკრატია არის პოლიტიკური კულტურა, პატივისცემა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, უნდა ვაჩვენოთ პატივისცემა.

ხშირად არ ვეთანხმები ჩემი ოპონენტების პოზიციებს. დემოკრატიაში ვიღაცას აქვს უფლება, თუნდაც სისულელე თქვას. როცა მთავრობაში ვიყავი, მეც მაკრიტიკებდნენ და სულაც არ მომწონდა, მაგრამ ეს ოპოზიციის მოვალეობაა. ერთ დღეში საკითხი ვერ მოგვარდება, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ დღის წესრიგზე შევთანხმდეთ, საიდანც შედეგს მივაღწევთ,"- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

დღის ამბები