"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, ჯერჯერობით იმის თქმა არ შეიძლება, რომ შეთანხმებისკენ ძალიან სწრაფად მიდიან მხარეები ან ძალიან შორს არიან ამასთან.
ეს განცხადება მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
"შეხვედრის დროს დავიწყეთ მუშაობა დოკუმენტზე. ვფიქრობ, ეს შეხვედრები დღეს არ დასრულდება და მუშაობა ხვალაც გაგრძელდება. ვერ ვიტყვი ჯერჯერობით იმას, რომ შეთანხმებისკენ ძალიან სწრაფად მივდივართ, ან ძალიან შორს ვართ შეთანხმებასთან. "პატრიოტთა ალიანსისათვის" უმთავრესი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია,"- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად სხედან.