17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ნატოს წევრობა გახლავთ მთავარი საქართველოსთვის, ეს არის პრიორიტეტი, რომელიც დაცულია ჩვენს კონსტიტუციაში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატოსკენ მისწრაფება მთავარი ამოსავალი წერტილია ქართველი მოქალაქეებისთვის და ეს ასევე მთავარი სურვილია პოლიტიკური პარტიებისთვისაც. ამის შესახებ პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკური და არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.

"დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის ნატოს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. ნატოს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი.

ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას "ნატო 2020-ის" ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც,"- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები