17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ალიანსისთვის მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხი, იმედია ქვეყანა გამოსავალს იპოვის- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე კომენტირებისას ახსენა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო დაფუძნებულია ისეთ ფასეულობებზე, როგორიცაა დემოკრატია და თავისუფლება, და სწორედ ამიტომ, ნატოს ყურადღების ცენტრშია ის მოვლენები, რომლებიც დღეს საქართველოში ხდება. 

"ნატო გახლავთ ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც გახლავთ დემოკრატია და თავისუფლება, ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც საფუძვლად უდევს ალიანსს. სწორედ ამიტომ, მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების, რეფორმების განხორციელების, სხვადასხვა ინსტიტუტის გათანამედროვების, მართლმსაჯულების სისტემის კუთხით. ნატოს ალიანსი ამ მიმართულებებს მხარს უჭერს წლების განმავლობაში.

სწორედ ამიტომ, ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რაც არის საქართველოში, აგრეთვე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გამოსავლის პოვნა ამ რთული მდგომარეობიდან და თუ ასე იქნება, საქართველო შეძლებს განახორციელოს ის დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც დგას დღის წესრიგში დემოკრატიულობის განვითარების კუთხით.

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქვეყანას და ეს საკითხები კიდევ ერთხელ გაჟღერდება ერთობლივი კომისიის სხდომის დროს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

დღის ამბები