17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
შეხვედრა კარგი იყო, პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრით პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. 

ირაკლი კობახიძემ დამატებითი დეტალების განხილვისგან თავი შეიკავა და აღნიშნა რომ, სავარაუდოდ, უფრო ვრცლად საუბარი ხვალ დაგეგმილი შეხდვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

"ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას შტურმი დასავლურ ინსტიტუტებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს.

ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.

საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რაღაცებზე პოზიციები უკვე შეჯერდა, თუმცა, გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი მაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციასთან გამართული ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შვედი დიპლომატის მედიაციით შედგა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდნენ.

დღის ამბები