17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
თუ არ იქნება შეთანხმება ყველა საკითხზე, შეთანხმება საერთოდ არ იქნება - პაატა მანჯგალაძე

მედიაციის მეშვიდე დღე - კრისტიან დენიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეხვდება. მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული ყველა საკითხი განხილვის პროცესშია.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკების პროცესი რთულად მიმდინარეობს, ისინი თვლიან, რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკურ კრიზისზე სრულად მმართველ გუნდს ეკისრება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკება რთულად მიმდინარეობს.

"მოლაპარაკება ძალიან რთულად მიმდინარეობს და გამომდინარე იმ ქცევებიდან, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" ასევე მათი რიტორიკიდანაც თუ ვიმსჯელებთ დღეს მოლოდინებზე ლაპარაკი რთულია.

მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, იმისათვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაიჭრას აუცილებელია ორი მთავარი საკითხის მოგვარება, ეს არის ნიკა მელიას, გიორგი რურუას და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, მშვიდობა უნდა დამყარდეს და მეორე ვადამდელი არჩევნები გაიმართოს.

თუ ამაზე "ქართული ოცნება" წამოვა წინააღმდეგი ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში პრობლემების მოგვარება, ისინი მიდიან ევროპული მიდგომების წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება,"- აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია აღნიშნავს, რომ გარკვეული ოპტიმიზმები მოლაპარაკების პროცესში არსებობს.

"არაერთგზის გადაუთქვამთ თავიანთი წარმოთქმული წინადადება და ამიტომ ფაქტიურად მათი განცხადებები და ტონი, რა თქმა უნდა, არაფერს არ იძლევა ერთადერთი არის აქ მთავარი, რომ შარლ მიშელის მედიაციის პირობებში, რა თქმა უნდა, გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით და იძულებული გახდება "ქართული ოცნება" დათანხმდეს იმას, რომ გაათავისუფლოს პოლიტიკური  პატიმრები და მიღწეული იქნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და  მასთან თანმდევი დანარჩენი ის 4 პუნქტი,"- ლაშა დამენია.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ დღეს ხუთ მნიშვნელოვან საკითხზე იქნება მსჯელობა.

"თუ არ იქნება შეთანხმება ყველა საკითხზე, არ იქნება საერთოდ შეთანხმება. ეს ძალიან კარგია, ანუ ხუთივე საკითხზე ერთობლივად იქნება მსჯელობა.  დღევანდელი ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნილი პოლიტიკური კრიზისზე ქვეყანაში,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები