მმართველი გუნდი მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკების ჩაშლას არ დაუშვებს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ შეთანხმების დროს მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა თმობდეს.
"ორივე მხარე გამოვიდა იმედიანი, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს აქვს პერსპექტივა. "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ შედგეს ეს ყველაფერი და არავინ ჩაშალოს.
დავინახეთ ისეთები, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი და გადავიდნენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვაზე. ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმება, მაგრამ ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მხარე თმობს," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და პოლიტიკური სტაბილურობა ამაზეა დამოკიდებული.
"მოლაპარაკებები თავის მხრივ მნიშვნელოვანია და ამაზეა სტაბილურობა დამოკიდებული, როდესაც ერთი მონაწილე ტოვებს, მაგალითად, იქნება ეს ბატონი შალვა თუ სხვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგიდა აყირავდება, რადგან მაგიდა ვერ აყირავდება, ფასი ძალიან დიდია,"-აღნიშნა სერგეენკომ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყველა მხარის მხრიდან დათმობა.