პარლამენტი დღეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს მოუსმენს. ლევან დავითაშვილი საკანონდებლო ორგანოს წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.
სოფლის მეურნეობის მინისტრს ნამახვანჰესის პროექტის მნიშვნელობა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.
მინისტრთან კითხვები აქვთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, როდესაც ადამიანები გარკვეულ საკითხებზე პროტესტს გამოთქვამენ, მათ ნათელი პასუხების მიღება სჭირდებათ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს დგას, ეს არის ნამახვანთან დაკავშირებული პრობლემა. მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა იყოს გადადგმული. ადამიანები რაღაცას რომ აპროტესტებენ, მათ სჭირდებათ ძალიან ნათელი პასუხები,“ - ამბობს ლევან იოსელიანი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კითხვები შეეხება ყველა იმ გამოწვევას, რაც გარემოს მიმართულებით არსებობს.
"ჩვენ გვექნება კითხვები, მათ შორის ჰესთან დაკავშირებით, მათ შორის ტყის კოდექსთან დაკავშირებით და ყველა იმ გამოწვევასთან, რაც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. ჰესებთან დაკავშირებით მე ვთქვი, დღეს ჩვენ გვაქვს 13 მილიარდზე მეტი მოხმარება საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა მოხმარება. ასევე იმასაც გეტყვით, რომ 2019 წელს მილიარდ 600 კილოვატ საათის იმპორტი განხორციელდა ამ ქვეყანაში. ანუ, ეს ნიშნავს რომ საკმაოდ დიდი, სოლიდური თანხები, ასობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან და ეს აკლდება ჩვენს ეკონომიკას,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, ჰესის მშენებლობა ჩერდება.
“ჰესებთან დაკავშირებით არის ბუნებრივია ბევრი კითხვა, მათ შორის ბოლო პერიოდში ეს რაც ხმაურიანია ნამახვანთან დაკავშირებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, ჩერდება მშენებლობა და მე იმედი მაქვს რომ ამ კითხვებზე პასუხები არსებობს. ჩვენ თუ ენერგეტიკას არ განვავითარებთ და ჩვენ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი ენერგეტიკა, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა უბრალოდ ვერ შედგება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.