19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით  იმუნიზაციის პროცესი გაგრძელდება. 

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ  ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

მინისტრის თქმით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის საკითხს და კვლევის შედეგად, პაციენტებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ფაქტი ახალციხის კლინიკა "იმედში".

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო იმყოფებოდა კლინიკაში და მოხდა დეტალური შესწავლა იმ გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ პაციენტებს მივაწვდით დამატებით ინფორმაცია იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა ეს ფაქტი,"-აცხადებს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, 7 მილიონი ადამიანიდან, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, მსგავსი რეაქცია მხოლოდ 41 შემთხვევაში დაფიქსირდა და არცერთი ყოფილა ლეტალური. 

"ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე, გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც მედიისთვის არ არის ცნობილი. ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ასტრაზენეკას ვაქცინასთან მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და არცერთი ყოფილა ლეტალური, შესაბამისად, ეს არ იძლევა საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს,"- აღნიშნა მინისტრმა. 

დღის ამბები