"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტიის თავმჯდომარე დაკავებულია, მათი მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართვა გარკვეული კომპრომისი იყო.
აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოდგა და მოლაპარაკების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
"ჩვენ ვიყავით აქტიურად ჩართული მოლაპარაკებებში, ეს იყო ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, რადგან პარტიის თავმჯდომარე, არჩეული 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მიერ, არის დაკავებული და ეს მოხდა ჩვენს ოფისზე შტურმის გზით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და შევარბილეთ, გარკვეულწილად, საპროტესტო მუხტი, მათ არ გადმოდგეს შემხვედრი ნაბიჯი.
პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ქართულ ოცნებას", პოლიტიკური ფასი იქნება ძალიან მაღალი, საერთაშორისო წნეხი გაძლიერდება და გაძლიერდება სამოქალაქო პროტესტი. ხელების ჩამოშვების დრო არ არის, გააქტიურების დროა,"-აცხადებს მინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთამენთს აკისრებენ.
კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.