17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული იქ შეთანხმების მიზნით - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა მხარეთა განწყობამ გამოიწვია და არა კონკრეტულ პუნქტებზე შეუთანხმებლობამ. 

მისივე შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკოსები შეთანხმების მიზნით არ იყვნენ მისულნი.

"ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, მინდა, რომ გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე, თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისული ვერსია, ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, ამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ, წინასწარ თუ არ გაქვს სურვილი, ნებისმიერ პუნქტსა და დეტალში აღმოაჩენ შესაძლებლობას, მეორე მხარეს არ დაეთანხმო,"-აცხადებს მეგრელიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთამენთს აკისრებენ.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღის ამბები