17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ოპოზიციას უნდა იქამდე ჩავატაროთ არჩევნები, სანამ სააკაშვილი საპარლამენტო ტრიბუნაზე ჩაის არ დალევს - გია ვოლსკი

მოლაპარაკების ჩაშლის შესახებ ოპონენტთა შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. როგორც "ქართული ოცნება", ისე ოპოზიცია, პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და მოლაპარაკების მაგიდასთან მათი ულტიმატუმებიც ამ მიზანს ემსახურებოდა. 

"უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი ულტიმატუმი, ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას და ერთადერთი განცხადება, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს, არის ის, რომ კომპრომისი არის თავად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა,"-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც დიალოგის შეთანხმებით დასრულება არ სურდა. 

"არსებობდა ძალა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიციის რიგებში, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო და ეს იმთავითვე იყო ცნობილი. ვითარება რომ შევაფასოთ, შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ხელისუფლების მიერ კონსტრუქციული იყო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თუ მათი განწყობა იყო საიმისოდ რომ მალაპარაკებ შემდგარიყო, ბატონი მელიას პატიმრობა წინაღობად არ შეიძლება არსებობდეს,"-აცხადებს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთამენთს აკისრებენ.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღის ამბები