17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
დიალოგის გაგრძელების შანსი არის, ეს ყველაფერი "ოცნებისთვის" ყურის ჩამოხევით დაიწყება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის გაგრძელების შანსი არის, თუმცა, მოლაპარაკების გაგრძელება, მისი შეფასებით, ხელისუფლებას დასავლეთის წნეხის ქვეშ მოუწევს.

მისივე თქმით, იმის შანსი არ არის, რომ მედიატორმა ოპოზიცია დაადანაშაულოს მოლაპარაკების ჩაშლაში. 

"იქამდე არ მისულა საქმე, რომ ჩვენ გვეთქვა, კარგი ბატონო, ამ კომპრომისისთვის მზად ვართ, არ მისულა აქამდე საკითხი, ხალხო. ჩვენამდე რომ საკითხი მოსულიყო, მედიატორ მხარეს უნდა ჩაეთვალა, რომ ეს არის შეთანხმების სამართლიანი კონტური, რომელზეც მუშაობა შეიძლება, ეს არ მომხდარა. იოტისოდენა შანსი არ არის, რომ მედიატორმა ოპოზიცია დაადანაშაულოს, რომ ჩვენ რაღაც არასწორად გავაკეთეთ, ან რაღაცაში გავჭედეთ, ან რაღაც მოხდა ისეთი, ან არაადეკვატურები ვიყავით.

გაგრძელების შანსი არის და, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ყურის აწევებით დაიწყება ეს ყველაფერი "ქართული ოცნებისთვის", ყურის ჩამოხევებით, პირდაპირ რომ ვთქვა. ეს, რაც მათ დაატრიალეს ამ დღეებში, ეს არანაირ სტანდარტში, არანაირ წესში არ ჯდება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღის ამბები