"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ დიალოგის პროცესში "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ოპოზიციამ ულტიმატუმებს მიღმა საკითხების განხილვა არ ისურვა.
დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებისთვის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
"ქართული ოცნების" მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კომპრომისულად, ზეპარტიული გადაწყვეტილებებით, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო. იქ ულტიმატუმებით მივიდა ოპოზიცია და თუ არა ულტიმატუმის დაკმაყოფილება, შემდეგ ნაბიჯებზე, მათი მხრიდან, საუბარი ზედმეტი იყო. მხოლოდ მათი მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა თითქოს განიხილება უკვე კომპრომისად.
წინ არის კიდევ დარჩენილი რესურსი, ეს არის გამოსაყენებელი. ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე მხარე და, პირველ რიგში, ოპოზიცია იქნება კეთილგონიერი და გააანალიზებს არსებულ სიტუაციას,"-აცხადებს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.