17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ვიმსჯელებთ, შესაძლებელია თუ არა გაგრძელდეს საერთაშორისო ჩართულობით დიალოგის პროცესი - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია დღეს იკრიბება იმისთვის, რომ სამომავლო გეგმებზე იმსჯელოს.

მისივე თქმით, მათ ახლა აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თან არც შეეგუონ არსებულ ვითარებას და ქვეყანაში დამატებითი კრიზისიც არ შექმნან. 

"ასეთ პირობებში ოპოზიციას ეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევეგუოთ არსებულ სურათს, ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილებები, რის გარეშეც არ გამოვა კრიზისიდან გამოსვლა და მეორე მხრივ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას დამატებითი კრიზისი და საფრთხეები, ამას სჭირდება მოფიქრება. ჩვენ რამდენიმე ფორმატში გვექნება შეხვედრა დღეს და ხვალ, ოპოზიციის გაფართოებული შემადგენლობით ვიმსჯელებთ კონკრეტულად გუშინდელ შედეგებზეც და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა გაგრძელდეს საერთაშორისოო ჩართულობით დიალოგის პროცესი, ასევე, მომავალში დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე,"- აცხადებს დავით ბაქრაძე. 

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დღეს 16:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღის ამბები