იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ტიპის ვაქცინებისგან სწორედ დაბალი სიხშირით განვითარებული ალერგიული რეაქციით გამოირჩევა.
"ჯერ საბოლოო პასუხი, თუ რა მოხდა, რატომ განვითარდა ასეთი რეაქცია, ცნობილი არ არის.
ზოგადად, AstraZeneca-ს ვაქცინები სხვა ტიპის ვაქცინებისაგან სწორედ ამითი გამოირჩევა, ძალიან დაბალი სიხშირით განვითარებული ალერგიული რეაქციით.
ის ციფრები, რომლებიც დღეს გვაქვს, Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში - მილიონ ვაქცინირებულზე 11 შემთხვევა, Moderna – 2.5 და AstraZeneca ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ კომპანიას აქვს - 1 მილიონი შემთხვევიდან 1 ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა." - განაცხადა "დღის კურიერში" ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, 27 წლის ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის გამო ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა.