17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ვფიქრობ პაუზას გააკეთებენ მედიატორები და შემდეგ კიდევ მოსინჯავენ რამდენად არსებობს სივრცე მოლაპარაკების გაგრძელებისთვის - სალომე სამადაშვილი

რა იცვლება პოლიტიკურ ველზე და ჯერ კიდევ არსებობს თუ არა დიალოგის გზით, შეთანხმების რესურსი - ოპოზიციის წევრების განცხადებით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად მთავარი როლი ხელისუფლებას ეკისრება.

ოპოზიციის მოსაზრებით, მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიციები უნდა გადასინჯოს.

"შეთანხმების მიღწევა არის ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი საბოლოოდ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რამდენადაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა "ქართული ოცნების" მიერ დაფიქსირებული პოზიციების მიერ, ანუ წინ პროცესი ვეღარ წავიდა. შესაბამისად, დიახ, ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მიერ საკუთარი პოზიციების გადასინჯვა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. ამის გარეშე ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ.

მე ვფიქრობ, რომ რაღაც პაუზას გააკეთებენ მედიატორები და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯავენ, რამდენად არსებობს სივრცე მოლაპარაკების გაგრძელებისთვის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ერთადერთი შანსი, რითაც შესაძლებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს, კვლავ საერთაშორისო პარტნიორების მედაციით დიალოგის განახლებაა. მათი მოთხოვნები უცვლელია.

"მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დაბრუნდეს "ქართული ოცნება" და ბატონი მიშელის მიერ შედგენილ 6-პუნქტიან დოკუმენტში უნდა გამონახოს სივრცე იმისათვის, რომ გადმოდგას საპასუხო ნაბიჯები. ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ჩვენ შევძლოთ, რომ შეთანხმების გზით დავასრულოთ ეს კრიზისი," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.

დღის ამბები