ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკას სჭირდება. ის "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე გახარიას "ორმხრივი ცეცხლის გაძლება მოუწევს", რადგან "ქართული ოცნება" იტყვის რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" პროექტია, "ნაცმოძრაობა" კი ბიძინა ივანიშვილთან მის კავშირზე ისაუბრებს.
"გიორგი გახარია უნდა დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში და ეს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ჩახარშული ვართ გარკვეულ ნეგატიურ ორპოლუსიანობაში. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური დინამიკა ავკრიფოთ და წარსულსა და აწმყოს შორის არჩევნის ამარა არ ვიყოთ. ასევე, იყოს მომავლის საინტერესო შეთავაზებები, გახარიამ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა და საინტერესო იქნება მისი დაბრუნება.
პირველ ეტაპზე მას მოუწევს ორმხრივი ცეცხლის გაძლება, თავისთავად ცხადია, რომ ხელისუფლებაში იტყვიან, რომ ის მიშას შეეკრა, "ნაციონალები" იტყვიან, რომ ეს ბიძინას პროექტია. მას თუ უნდა იმ ელექტორატზე გასვლა, რომელსაც არც "ნაციონალები" მოსწონს და არც "ოცნება", უნდა მოახერხოს ამ ლაბირინთიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა,"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.