17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირში დიდი შეშფოთების მიზეზია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ​გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და NATO-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის​.

"საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირში დიდი შეშფოთების მიზეზია. ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატოსკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის. თუ საქართველო გადაუხვევს ამ გზიდან, ამან შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობას," - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუმი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

"რუმინეთი, როგორც კარგი მეგობარი და პარტნიორი, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მივესალმებით პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში და ქვეყნის შიდა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვემხრობით ევროკავშირის ძალისხმევას მედიაციის გასაგრძელებლად," - განაცხადა ბოგდან აურესკუმმა.

დღის ამბები