17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
სრულიად ლოგიკურია, თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია, მისთვის ფაქტობრივად კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს - ხათუნა ლაგაზიძე გახარიას შესახებ

გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას და ყოფილი პრემიერმინისტრის შანსებს ექსპერტები აფასებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი "ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთი რეიტინგული ფიგურა იყო და არაფერია გასაკვირი იმაში, თუკი მას პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდება და პოლიტიკურ ველზე შემოსვლას გადაწყვეტს.

"ქართული ოცნების ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი არის ის ხალხი, რომელიც "ოცნებას" ხმას აძლევდა არა იმიტომ, რომ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ "ოცნება" სჭირდებოდა ფარად "ნაციონალური მოძრაობის" რევანშისგან დასაცავად. ამ ამომრჩეველში გახარიამ შეიძლება შეითავსოს სწორედ ამ ფარის ფუნქცია. აქვს განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ამომრჩეველში საკმარისზე მეტი მოლოდინი და რეიტინგი და სრულიად ლოგიკურია თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიცია, მისთვის ფაქტობრივად კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს,“ - აცხადებს პოლიტოლოგი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რას გეგმავს ყოფილი პრემიერმინისტრი.

"ჩვენ არ ვიცით, პირველ რიგში, შექმნის თუ არა ის პარტიას, რა გუნდთან ერთად შექმნის, როგორი ექნება მას პოზიციონირება ვთქვათ მმართველ პარტიასთან, ბიძინა ივანიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან და საერთოდ რა იქნება ამ პოლიტიკური ძალის მიზანი,“ - ამბობს კორნელი კაკაჩია.

ანალიტიკოსების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენა ყველაზე მეტად ოპოზიციური ნაწილისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარია ერთგვარი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბებას გეგმავდეს. 

"თუ საუბარია იმაზე, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეემატოს ამ პოლიტიკურ ველს, ეს არავის არ გააკვირვებს, თავისთავად ცხადია. აშკარად ჩანს, რომ გახარია აპირებს ერთგვარი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ის, რომ ვისთან ერთად იქნება, რა რესურსი ექნება საბოლოო ჯამში და რა პროგრამით წარდგება, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან მიღებული. დასანანია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეიძლება ითქვას, გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე, როდესაც ის პრემიერმინისტრი იყო,“ - ამბობს ლევან ნიკოლაიშვილი.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ თუკი გიორგი გახარია პოლიტიკურ ველზე შემოვა, მისი სამიზნე ჯგუფი ოპოზიციური ამომრჩეველი იქნება.

"თუკი ვთქვათ ბატონი გიორგი გახარია შემოვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, რეალურად მისი სამიზნე ჯგუფი იქნება ოპოზიციური ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი თავის ტკივილი ოპოზიციური პარტიისთვის უნდა იყოს ბატონი გახარიას გამოჩენა.“ - ამბობს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები