17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
დანიელსონის ჩამოსვლა მიუთითებს, რომ კომუნიკაცია შედგა და "ქართული ოცნება" მზად არის კომპრომისისთვის - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება - კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციისთვის კვირის ბოლოს დაბრუნდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით აუცილებელი კომპრომისების მიღწევის დროა" - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა.

"ერთადერთი გზა, რაც რჩება, ეს არის ზეწოლა და წნეხი, როგორც საერთაშორისო მეგობრობის, ასევე შიდა პროტესტის. დანიელსონის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება" იძულებული იქნება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელ არჩევნებს და ა.შ."- აღნიშნა ლაშა დამენიამ

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონს აქვს არნახული მასშტაბის ლეგიტიმაცია და ასევე აქვს ყველა შტოს ნდობის მანდატი, რომელიც არსებობს ევროკავშირში.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დანიელსონის ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებასთან კონტაქტი შედგა და "ქართული ოცნება" მზად არის კომპრომისისთვის.

"დანიელსონის ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და "ქართული ოცნება" მზად არის კომპრომისისთვის. თუ ეს ასე არ მოხდება, ნიშნავს, რომ ევროპას უარი ვუთხარით და გეზი ავიღეთ ბელარუსისკენ, რასაც ქართველი ხალხი არ მიიღებს,"- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. 

დღის ამბები