გიორგი გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ოპოზიციაში აფასებენ. ისინი გიორგი გახარიას ურჩევენ, ვიდრე პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნებაზე იზრუნებს, პირველ რიგში, პასუხები მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებზე გასცეს.
"საზოგადოებას კარგად ახსოვს გახარიას განცხადებები, რომელიც ხელს უწყობდა პოლარიზაციას. ვიცით, რომ გახარია არის "ქართული ოცნების" გეგმა B, შესაბამისად, ამ ადამიანის მესამე ძალად წარმოჩენა აბსოლუტურად უადგილოა,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ოპოზიციაში ასევე ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ გიორგი გახარია დამოუკიდებლად შეძლებს ითამაშოს პოლიტიკურ ველზე და ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, სწორედ "ქართული ოცნების" გაგრძელება იყოს.
"გახარია არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ვერც იქნება. შესაბამისად, სანამ ის პოლიტიკაში დაბრუნებაზე იფიქრებს, საზოგადოებისთვის ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი," - აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
გიორგი გახარიას მოსვლა თუნდაც ოპოზიციაში, "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა დამენიას აზრით, აბსურდია.
"გახარია იყო ფაქტობრივად პირველი პირი და პრემიერი, ვინც უკვე გაექცა პასუხისმგებლობას. ეს არის ადამიანი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მონურ მორჩილებას ავლენდა, ამიტომ, მისი მოსვლა თუნდაც ოპოზიციაში აბსურდია,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია.
პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ 18 თებერვალს დატოვა. გუშინ კი განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
გიორგი გახარიამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.