17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ოპოზიციამ თქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა, საქმე ასე არ კეთდება - დავით სერგეენკო

მმართველი გუნდი მორიგი მოლაპარაკების რაუნდისთვის მზად არის. მათი განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს განვითარებას მხარს უჭერს.

"ევროკავშირი საქართველოს განვითარებას მხარს უჭერს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება იმის თქმა, რა ფორმატით იქნება. მოლაპარაკება ერთი კვირა მიმდინარეობდა და ათი პუნქტიდან ცხრა პუნქტი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მმართველ ძალას რაღაც გაეკეთებინა. ოპოზიციამ თქვა, რომ მათი ერთადერთი კომპრომისია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. საქმე ასე არ კეთდება,"- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დანიელსონის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ იქნება მოლაპარაკების შესაძლებლობა.

"გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება, რომელი მოლაპარაკების სრული მზადყოფნაც აქვს ხელისუფლებას. ის საკითხები, რომელზეც საუბრობდა, ჩვენი მხრიდან არ გახმაურებულა. ერთადერთი მხარე ვიყავით, ვინც ამ დეტალებზე არ საუბრობდა. შეიძლება მისი პოზიცია იყოს ხისტიც და რბილიც, როგორც ერთ მხარესთან მიმართებაში, ასევე მეორე მხარესთან მიმართებაშიც ამის პროგნოზირება ჩემი მხრიდან არ არის სასურველი,"-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.

დღის ამბები