ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. მათი ნაწილისთვის კვლევის შედეგები სანდო არ არის, ნაწილი კი ამბობს, რომ დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პოზიციას ღიად არ ამჟღავნებენ.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რთულია ივარაუდოს, კონკრეტულად "ევროპულ საქართველოს" რა მხარდაჭერა ჰქონდა და რატომ.
"ვიცით, რომ ძალიან დიდია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საერთოდ არ ამბობენ თავის პასუხს და რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს. ზოგადად, ისიც ცნობილია, რომ ასეთი ტიპის გამოკითხვებში მსგავსი ადამიანები არიან ხოლმე გადახრილი უფრო ოპოზიციური პარტიებისკენ. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელია ვივარაუდო, კონკრეტულად "ევროპულ საქართველოს" რა მხარდაჭერა ჰქონდა აქ და რატომ. ისე კი, არჩევნების მერე და განსაკუთრებით ასეთი კრიზისის პირობებში და ჩვენი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგად, ლოგიკურია, რომ წინა კვლევებთან შედარებით არ არის გაზრდილი მხარდაჭერა. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ეს არც გვაშინებს, არც გვაშფოთებს, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ გვექნება ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც გვქონდა ბოლო პერიოდში,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
NDI-ის კვლევის შედეგები სანდო არ არის პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრ სერგო ჩიხლაძისთვის. მისი თქმით, ის მონაცემები, რომლებიც კვლევაშია მოცემული, არ ასახავს რეალურ შედეგებს.
"მონაცემები, რომელიც ქვეყნდება NDI-ის კვლევის შედეგად, როგორც პოლიტიკურ ნაწილში ასევე არაპოლიტიკურ ნაწილში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ვიტყვი პირდაპირ, რომ ესეთი ღია კითხვებით პოლიტიკური რეიტინგები და პარტიების პოლიტიკური რეიტინგები არ დგება, შესაბამისად, ეს გაზომვის მეთოდი თავისთავად არის არარელევანტური და შესაბამისად, შედეგიც არის არავალიდური პოლიტიკურ ნაწილში. ჩემთვის ეს მონაცემები არ არის სანდო,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ კვლევები ადეკვატურ სურათს არ იძლევა. მისი თქმით, სატელეფონო გამოკითხვის დროს რეალური სურათის მიღება ძალიან რთულია.
"ასეთი პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს, ვინაიდან, ვართ პოლიტიკურ კრიზისში, სადაც რთულია ასეთი კვლევების სიზუსტეზე ვილაპარაკოთ, მით უფრო, რომ ასეთი კვლევები ტარდება ტელეფონის საშუალებით,“ - აცხადებს საბა ბუაძე.