პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე საჯარო განაცხადის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობას იწყებს. გიორგი გახარიამ გეგმების შესახებ ვრცლად ისევ არ ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
ევროპულ მომავალსა და პოლარიზაციის აღმოფხვრაზე გაკეთებული აქცენტები დღეს განხილვის თემა იყო უმრავლესობასა და ოპოზიციაშიც.
ოპოზიციაში გადანაცვლების მიუხედავად, თითქმის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ სჯერა, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება. ოპოზიცია ყოფილ პრემიერს მესამე ძალად არ განიხილავს.
პოლიტიკური განაცხადი უკვე გაკეთებულია. ახლა ყველა ელოდება, თუ ვინ იქნება გიორგი გახარიას გუნდის შემადგენლობაში. მთავრობის ყოფილი მეთაური დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. ვიდრე შეკითხვები პასუხგაუცემელია, არის ბევრი ვარაუდი. ამბობენ, რომ გახარიას თანამოაზრეებში იქნებიან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელები, ნათია მეზვრიშვილი, კახა ქემოკლიძე, ასევე ყოფილი ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი და მოქმედი დეპუტატების ნაწილი, რომლებიც საარჩევნო სიაში სწორედ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით მოხვდნენ. არცერთი მათგანი ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასთან კონსულტაციებს მართავენ.
გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით მეტ განმარტებას ელოდება მმართველი პარტია. ყოფილ პრემიერს პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 თანამოაზრე სჭირდება. თუმცა ამის შესაძლებლობას "ქართულ ოცნებაში" ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.
პოლიტიკაში დაბრუნებაზე ღიად განცხადება გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა. დეტალებზე არ უსაუბრია, ამბობს, რომ გეგმებთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. უკვე რამდენიმე დღეა, მედიის ყურადღების ცენტრშია ყოფილი პრემიერის საცხოვრებელი სახლი - გიორგი გახარია კონსულტაციების ნაწილს სწორედ იქ მართავს.