მომღერალი გია გაჩეჩილაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას პოლიტიკოსებთან ერთად, მედიასაც აბრალებს.
"ღამის კურიერში" გაჩეჩილაძემ მის მიერ დღეს დაანონსებულ შეკრებაზე ისაუბრა.
"ხალხი გაბრაზებულია იმ სიტუაციაზე, რა სიტუაციაც პოლიტიკურად მოგვიწყო ორივე პარტიამ ("ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა") და ვეღარ გამოვდივართ ამ ჩიხიდან. ამ გაუთავებელი ერთმანეთის გინებიდან, გაშმაგებული ტელემედია სივრციდან, რომელსაც ხან ცილისწამებების უაღრესად დიდი ნიაღვარი მოსდევს და იმ პოლიტიკური მდგომარეობიდან და ქუჩის დესტრუქციიდან, რასაც ჩვენ ვუყურებთ მთელი ამ 8-9 წლის განმავლობაში," - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
კითხვაზე, გია გაჩეჩილაძე ხომ არ იქნება მესამე ძალა, მომღერალი პასუხობს, რომ პოლიტიკაში არ აპირებს მოსვლას.
"პირდაპირ თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, არ იქნება მესამე ძალა. ის ადამიანები, ვინც იქ მოვა, ყველანი პოლიტიკოსები არიან?! ერთ-ერთი მათგანი ვიქნები მე, ვისაც ამოუვიდა ეს ყველაფერი ყელში. დავიღალე, აღარ შემიძლია და აღარ შეუძლია აღარავის," - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
ცნობისთვის, მომღერალი გია გაჩეჩილაძე საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს. გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს ისაუბრა. ევროპის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე უცნობმა აღნიშნა, რომ ამ დღეს, ყოველწლიურად, 9 აპრილს აღნიშნავს, მათ შორის, პირველი ღონისძიება წელს გაიმართება.