მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუშლის.
"დაანონსებული აქცია ნამდვილად არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ამას აკეთებენ ისინი ყოველთვის, რადგან არ უნდათ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. ეს იმიტომ, რომ მათი მოთხოვნები არარელევანტურია. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასე რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა და დაიცავდა თავის ხმებს. რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მიშა იქიდან აბულინგებს,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს პერსპექტივა არ აქვს.
"მათი გვარები ყველაფერზე მეტყველებს. ამ გვარების მიერ დაანონსებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე ქუჩაში გაჰყვეს. რაც არ უნდა ირბინონ რუსთაველზე, თუ უნდათ ივარჯიშონ კიდეც, ხალხის ნდობა მათ მიმართ დაბალია და ვერანაირ პროცესს ვერ შეუშლიან ხელს," - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიციამ 15 მაისს აქციები დააანონსა.