აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, პოზიციების შეჯერების ადგილი კი პარლამენტშია.
ელჩის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას.
"ერთი წელი გავიდა რაც საქართველოში ელჩი ვარ, ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი კოვიდი იყო, თუმცა არა მხოლოდ.
ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პანდემიის, რთული პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი დაამტკიცეს რომ მეგობრებსა და პარტნიორებს ყველაფრის მოგვარება შუძლიათ თუ ამისი პოლიტიკური სურვილი არსებობს. მიუხედავად იმისა რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. თუმცა მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე.
მე მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია.
პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე.
პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში.
მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოვებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ.
და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არცერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე,"- აღნიშნა კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მოლაპარაკების პროცესში ჩართული მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი.
კელი დეგნანს სჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.
"რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები. სწორედ ამიტომ ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება.
4-5 თვეა ვცდილობთ დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას , რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ეს არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ მრავალპარტიულ პარლამენტში. ეს არის რაც მათ უნდა აკეთონ, როდესაც საქართველო გაწევრიანდება ნატოში ან ევროკავშირში. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც კომპრომისს საჭიროებენ და ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში მჯერა, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისს და გადადგამენ რთულ ნაბიჯს ქვეყნის კეთილდღეობისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.