17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი - ირაკლი ქადაგიშვილი

"კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს უნდა გაიგოს მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც" - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გზავნილი. დიპლომატი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან თავადაც იჯდა, ორივე მხარეს მიმართავს.

ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ქვეყანაში ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელი ჩამოვა. კრისტიან დანიელსონი თბილისს იგივე მისიით სავარაუდოდ კვირის ბოლომდე ესტუმრება.

ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნები უცვლელია. "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ ხელისუფლება დათმობებზე უნდა წავიდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი მიიჩნევს, რომ კომპრომისზე და მოლაპარაკებებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს და უნდა არსებობდეს ორმხრივი, შემხვედრი წინადადებები.

"როგორც "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ისინი ცარიელი ხელებით უნდა იყვნენ და ჩვენ სავსე ხელებითო, ასე არ ხდება მოლაპარაკებები," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

რაც შეეხება კომპრომისს საარჩევნო სისტემის სრულყოფასთან, სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ძალიან დიდი კომპრომისული ნაბიჯები გადადგა.

"თუ საუბარია იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება უნდა დათმოს - ეს არ არის კომპრომისი იმ მილიონ ამომრჩეველთან, რომელმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი, ის მანდატი, რაც ხალხმა მოგანიჭა," – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები