საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და კომპრომისული ნაბიჯებიც შესაბამისადაა გადადგმული:
"საზოგადოებამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, რაც იყო დაკავშირებული იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით როგორც კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში და მასში არის ინკორპორირებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან, რაც არის უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე, დაინიცირებულია რომ არჩევნების ბარიერმა დაიწიოს 5%-დან 3%-მდე. დაფიქსირებულია ასევე მზაობა, რომ თუკი ოპოზიცია შემოვა პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო მხარდაჭერაზე. ერთ-ერთი თემა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც მისი თქმით, მოხერხდა დიდი მხარდაჭერის მოპოვება. რეზოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მას დართული აქვს ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ომთან დაკავშირებით და ზალკალიანის შეფასებით, ეს იძლევა ახალ შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური მხარის გარდა, იურიდიული მხარეც იყოს ასახული რუსეთთან მიმართებაში.