"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე მცირდება, კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ფრაქციების შემადგენლობას, 7-ის ნაცვლად ფრაქციის შექმნას 4 დეპუტატი შეძლებს. არის სხვა ინიციატივებიც, რომელიც უმრავლესობასა და პარტია "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმში მოხვდა. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია.
განცხადებები დღეს შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა გააკეთეს. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას უარი თქვას ბოიკოტზე და მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში. ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება, ანუ კიდევ მინიმუმ 17 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა.
"ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამოცანას ამ ეტაპზე წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთვის საჭიროა პარლამენტის შვიდი წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.
პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც ქვეყანაში პოლარიზების დასრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზება რაღაცნაირად დავასრულოთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ბარიერის დაწევის საკითხი ოპოზიციისთვის აქტუალური გახდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდეგ:
"როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2 პროცენტამდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არაა იმ დონის, რაც ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტას გადააწყვეტინებს:
"რაღაცნაირად ჰგავს პატარა პარტიების მიპატიჟებას პარლამენტში რაღაც კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ. ეს არ გამოიყურება ლამაზად, ბუნებრივია 2024 წელს 5%-ს ჯობია 3%, მაგრამ ეს არ არის ის შემოთავაზება, რომლის გამოც ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა, მისი თქმით, გაცილებით ეფექტური შემოთავაზება იქნებოდა მუდმივი ბუნებრივი ბარიერი.
შეთანხმების საკითხების ნაწილ-ნაწილ დაინიცირებას არასწორს უწოდებს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხლაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს და ცვლილებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესში თავისუფალი ადგილი დიდხანს არ იქნება.
"პოლიტიკაში თავისუფალი ადგილი მუდმივად არ იქნება, მათ ადგილს ძალიან სწრაფად სხვა ახალი პოლიტიკური აქტორები დაიკავებენ, ამიტომ თუ ისინი მარტო დღევანდელ დღეზე კი არა ხვალინდელ დღეზეც ფიქრობენ ეს ცვლილებები, რომელთაც ევროპულ სტანდარტზე გაჰყავს საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარება, მათ უნდა მიიღონ.მაგრამ არც პოლიტიკური სითამამე ჰყოფნით და არც პრაქტიკული ხედვა იმ ვითარებისა რაშიც არიან აღმოჩენილი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზციის მხრიდან ამ ცვლილებების სატყუარად შეფასება მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია
"აბსოლუტურად გაუგებარია, რა არის სატყუარა. თუ აქ ის იგულისხმება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გაკეთდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამ სასიკეთო ცვლილებებს, მათი ნებაა, ეს ასე ჩათვალონ. არაერთხელ ითქვა, რომ ქვეყნისთვის კარგია ის, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არის წარმოდგენილი. ამის საპირისპირო არგუმენტი არც არსებობს. ოპოზიციის მხრიდან ჭეშმარიტებებზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი, რათა არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე იმ პარტიას შეიძლება აწყობდეს, ვისაც აქვს იმედი, რომ არჩევნებში ხმების ხუთ პროცენტზე მეტს აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიცილებს კონკურენტებს, ვისაც ხუთ პროცენტზე დაბალი მხარდაჭერა აქვს," – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.