"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს და ოპოზიციის განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მანიპულაცია და ტყუილია.
"რიგგარეშე არჩევნები არ არის მოთხოვნა, ეს არის კაპრიზი. ახლა მე ვუსმენდი ჩემს წინ გამომსვლელს, ბატონ რომან გოცირიძეს, მის გამოსვლაში ვერ მოვძებნე ვერცერთი სიტყვა, რომელიც არის სიმართლე. ყველაფერი იყო ტყუილი და კაპრიზი.
ის, რომ ვინმე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის არა ჩვეულებრივი, არამედ დიდი ტყუილი. ამას რატომ კადრებენ ან საკუთარ თავს, ან მოსახლეობას, ან საკუთარ ამომრჩეველს, არ ვიცი.
მეორე ტყუილი არის ბავშვურ დონემდე მისული მანიპულირება, რომ თითქოს იქ არ წერია სიტყვა "თავისუფალი" და ა.შ. არც აშშ-ში გამართული არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის სიტყვა თავისუფალი. ეს განცხადებები, თითქოს არსებობს გარკვეული ფორმულები, შელოცვასავით სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი, არის ტყუილი და ამ ტყუილით ცდილობენ გავიდნენ ფონს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერში" საუბრისას.