მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან განახლდება, მას შემდეგ, რაც საქართველოში, უკვე მეორედ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ კომპრომისი ოპოზიციას არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ამჯერად გამოეყოფა რადიკალურად განწყობილ ჯგუფს და პარლამენტში შევა.
"დიდი დესტრუქციული განწყობა შეინიშნება ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან და ეს მართლაც შემაშფოთებელია. თუმცა, ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია და არსებობენ ოპოზიციის რიგებში ძალები, რომელთაც შეიძლება ეს კარგად ესმოდეთ და ჰქონდეთ მზადყოფნა, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე საკუთარი, ეს დამაიმედებელია მოლაპარაკების წარმატებით წარმართვის თვალსაზრისით,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.