17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
დანიელსონის მოლოდინში - ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აცხადებს, მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის და წითელ ხაზად კვლავ ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური მართლმსაჯულება რჩება. ისინი ამ დრომდე შეუთანხმებელ მოლაპარაკებებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

თუ მოლაპარაკება არ შედგა, ოპოზიცია გეგმის შეცვლაზე უარს ამბობს და საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადებას განაგრძობენ.

"ამჯერად დანიელსონი ცარიელი ხელებით აქედან ვერ წავა და ის, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა წინა ჩამოსვლაზე, ძალიან სამწუხარო იყო, იმიტომ, რომ ქვეყნისთვის იყო დამაზიანებელი. მაგრამ ჩვენი მეგობრები არ დანებდებიან, ასე მარტივად არ მისცემენ რუსეთს საშუალებას, რომ საქართველოში მოიკიდოს ფეხი," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში უკმაყოფილების ზრდას პროგნოზირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც:

"ამ მოლაპარაკებებზე, თუ "ქართულ ოცნებას" საღი აზრი ეყოფა, შესაძლებელია შეთანხმებას მივაღწიოთ, თუ ამას არ იზამენ, თვითონ ნახავენ, რა იქნება და როგორი უკმაყოფილება იქნება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ლელოში" მიიჩნევენ, რომ დიალოგის მორიგ რაუნდამდე "ქართული ოცნების" მხრიდან წითელ ხაზებზე ლაპარაკი შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის:

"ოპოზიცია არის სრულ მზადყოფნაში და მოწადინებული, რომ შედგეს ხელშეკრულება," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.  

დღის ამბები