17 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ეგ რომ საკმარისი ყოფილიყო, იქ ვიქნებოდით - იაგო ხვიჩია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე

"ქართული ოცნება" მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბარიერის 5%- დან 3%-მდე დაწევის ინიციატივით გამოდის. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მიხედვით, კიდევ ერთი სიახლეა - ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.

ოპოზიციის განცხადებით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებები არ შედგება, თუ შეთანხმება არ მოხდა დიალოგის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.

მმართველი გუნდის ოპონენტები ინიციატივას არასერიოზულს და პროვოკაციულ უწოდებენ. მათივე განცხადებით, ეს ინიციატივა გაწერილია ექვსპუნქტიანი მოლაპარაკების გეგმაში და ცალკე ბარიერზე მსჯელობა არ განიხილება.

"ჩვენ მზად ვართ შევიდეთ პარლამენტში და ამას მხარი დავუჭიროთ, ოღონდ მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება. თუ იმის გამო აკეთებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ერთი მხრივ, თვითონ ბლოკავენ შეთანხმებას და მეორე მხრივ, იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქ არ მოგროვდება, მაშინ ეს არის ჩვეულებრივი ბავშვური თამაში და ამაზე არავინ წამოგებას არ აპირებს,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

ინტრიგნულს უწოდებს მმართველი პარტიის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, რაც შეეხება "გირჩს", იაგო ხვიჩია ამ ინიციატივას არასაკმარისად მიიჩნევს:

"ეგ რომ საკმარისი ყოფილიყო, იქ ვიქნებოდით. დიდი ხანია ეს შემოთავაზება არსებობს, ბატონ ალეკოსთანაც იყო ეს შემოთავაზება მაგ პაკეტში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, თორემ აქამდე მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას, ახლა უბრალოდ პროცესს დავაკვირდებით, როგორ წავა მოლაპარაკებები და იქ გვაჩვენებს ამ მოლაპარაკების თითოეული კომპონენტი, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ ამ ცვლილებას ისედაც ითვალისწინებს ის შეთანხმება, რომელზეც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებები იმართება. სერგო ჩიხლაძის თქმით, ცალკეულ კომპონენტებზე მსჯელობის დაწყება მათთვის აზრს მოკლებულია.

დღის ამბები