ხელისუფლება ოპონენტებს მოუწოდებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთონ, რომელიც საარჩევნო ბარიერის 0-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს.
"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ამ ინიციატივას ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით განიხილავს.
ამის შემდეგ, ცვლილებების მისაღებად პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. თუმცა, ინიციატივის კანონად ქცევისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, რომელიც 113 დეპუტატის მხარდაჭერას გულისხმობს, ამ ეტაპზე კი საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატი იმყოფება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, იქნება დასტური იმისა, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება არ სურთ.
"ეს არის ხელშეწყობა პოლიტიკური პლურალიზმისთვის, პოლარიზაციის შემცირება და მეტი პარტიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა 2024 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს პარლამენტში. ეს არის კიდევ ერთი ტესტი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. თუ მათ მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი მხარს უჭერენ არა დემოკრატიის განვითარებას, არამედ დემოკრატიის უკუსვლას,"- აცხადებს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტით, პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.