მმართველი გუნდის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ კრისტიან დანიელსონის მეორედ ვიზიტი მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას ხელს შეუწყობს.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის და პროცესს კონსტრუქციულად მოეკიდებიან.
"იმ ფონზე, როდესაც არავითარი მტკიცებულება და ნიშანწყალი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საშუალება, უფლება, შესაძლებლობა და საფუძველი და არც, რა თქმა უნდა, მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. თუ ხელშემშლელი მიზეზი მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვისთვის არსებობს, ამ შემთხვევაში ეს მიზეზი უნდა ვეძიოთ სწორედ ოპოზიციის მხარეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება შეცვლილი დამოკიდებულება იმ მიზეზის გამო, რომ რეალურად განწყობილი ვართ მართლაც მოლაპარაკებისთვის. უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში თუ დაიბადება რაიმე ისეთი აზრი ან გარემოება, რაც გონივრულს გახდის ცვლილებებს ჩვენს პოზიციებში, ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციულად მოვეკიდოთ ყველა ასეთ ცვლილებას," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით კი, ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ მათგან მოსალოდნელია პროცესების ხელშეწყობა, მაგრამ არა ინსტრუქციები. პოლიტიკური პროცესების დარეგულირება ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ხელშია.