განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია დავით ფარცვანიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ფარცვანიამ ყოფილ პრემიერს და ასევე მოქმედ განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.
"მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისასთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევების შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში.
ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება - ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მომავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი, რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ - რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს.
ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები! მე დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!" - წერს ფარცვანია.